თავი I
მეფე ფილიპის ქორწინებები
1095 წლის შემოდგომაზე პაპი ურბან II ოვერნში, ქალაქ კლერმონში, კაპეტინგების გავლენის არეალში არსებული ტერიტორიის სამხრეთ საზღვრებზე იმყოფება. თვეების მანძილზე, რომიდან დევნილი, იგი გალიის სამხრეთით, კარდინალთა ესკორტით, დიდი პომპეზურობით მოგზაურობს. აქ ის თავს დაცულად გრძნობს. პაპი კლუნის წინამძღვარი ყოფილა. ამ კონგრეგაციის მონასტრები გალიის სამხრეთში მდებარეობს. სწორედ აქ ვითარდება მთელი სისრულით დიდი წამოწყება, ეკლესიის რეფორმა ანუ მთელი საზოგადოების სულიერი განწმენდა, რომლის განხორციელებას პაპობა ოც წელზე მეტი ხნის წინ შეუდგა. საეკლესიო რეფორმას ადამიანები მოსალოდნელი განსაცდელის წინააღმდეგ საბრძოლველად, სამყაროს დასასრულისათვის უნდა მოემზადებინა; ნებსით თუ უნებლიეთ სიკეთის აღიარებამდე მიეყვანა, ნაკლოვანებათა გამოსწორებასა და თითოეულს საკუთარ ვალდებულებათა დაზუსტებაში უნდა დახმარებოდა. რეფორმის გამტარებლებს ზედმიწევნით უნდა განესაზღვრათ, თუ რისი გაკეთება ეკრძალებოდა ყოველ ქრისტიანს. ეს დიადი განახლება ეკლესიის განწმენდით დაიწყო, რადგან სწორედ ღვთის მსახურნი არიან მაგალითის მომცემნი. სასულიერო პირები ორმაგი ცოდვისაგან უნდა გამოეხსნათ, სიმონიისგან (იმ პერიოდის მეცნიერები ასე უწოდებდნენ უგვანო ძალაუფლების დამკვიდრებას ეკლესიის მმართველთა არჩევაში, კერძოდ კი, ძალაუფლებისა, რომელიც ფულით მოიპოვება) და ნიკოლაიზმისაგან (იგულისხმება მავნე ჩვევები, ლტოლვა ამქვეყნიურ სიამოვნებათა მიმართ და რაც მთავარია, ქალით ტკბობა). საერო ხელისუფალთა შეზღუდვის დრო დადგა და მათთვის, როგორც მღვდლები იტყოდნენ, ისეთი ცხოვრების წესი უნდა ეკარნახათ, უფალს რომ მოეწონებოდა. ამოცანა კიდევ უფრო რთულდებოდა. ყოველი მხრიდან ხალხის პროტესტი ისმოდა და მიწისმფლობელი დიდებულებიც მხარს უჭერდნენ ამ წინააღმდეგობას. პირველ რიგში იმპერატორები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, სხვა მეფეებიც, თითოეული საკუთარ მამულში, რომელიც ზეცამ უწყალობა (როგორც კარლოს დიდს, რომლის მემკვიდრეებად ისინი საკუთარ თავს თვლიდნენ) სოციალური წესრიგის შესანარჩუნებლად. ამიტომ ისინი ძნელად ითვალისწინებდნენ სხვათა მითითებებს (რომლებიც ამ ჩარევით მიღებულ წესებს არღვევდნენ), მეომართათვის მოქცევის წესების კარნახს.
კლერმონში არც ერთი მეფე არ ჩამოვიდა. სამაგიეროდ მეზობელი მხარეებიდან მრავლად იყვნენ ეპისკოპოსები, აბატები, მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენლები. იმდენად ბევრი ხალხი მოგროვდა, პაპმა ჩათვალა, რომ იგი ერთად შეკრებილ სრულიად საქრისტიანოს შუაგულში მეფობდა და როგორც უმაღლეს მიწიერ ხელისუფალს, უზენაეს მმართველს, იმპერატორის ადგილი ეკავა. ასეთ ვითარებაში მოხვედრილი ურბან II მთელს მსოფლიოს მიმართავს. იგი აკანონებს, განიკითხავს, განსჯის. იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელებსაც პაპი იღებს, ყველაზე უფრო პოპულარული ჯვაროსნული ლაშქრობისთვის მოწოდებაა. ყველა მორწმუნე, სრულიად დასავლელი რაინდობა მოწოდებულია იერუსალიმისკენ დიდი მსვლელობისათვის, რათა უფლის წმინდა საფლავთან უკანასკნელ სამსჯავროს შეეგებონ. ეს მოწოდება რეფორმის ერთ-ერთი ეტაპია, რათა ადამის მოდგმის ნათელში აღდგომა განხორციელდეს. ეს გრანდიოზული მობილიზაცია პაპის მიერ მიღებულ მეორე განაჩენს გვავიწყებს. მან ეკლესიიდან განკვეთა ფილიპი, საფრანგეთის მეფე, კაპეტინგების გვარიდან პირველი. დასავლელი ფრანკების პირველი სუვერენი საკმაოდ ღირსებაშელახული იყო საეკლესიო ხელისუფალთა თვალში და ამ საშინელ სასჯელს იმსახურებდა. ეს სასჯელი მას მორწმუნეთა ძმობიდან დევნიდა, არადა მისი მოწოდება ამ ძმობის მართვა იყო. მეფეზე ღვთიური წყევლა ვრცელდებოდა. გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი აღნიშნული სასჯელი მის მარადიულ კრულვას მოასწავებდა.
ეკლესიიდან განკვეთილი ფილიპი ამგვარ ვითარებაში ერთი წელი იყო. 1094 წლის 15 ოქტომბერს ოტენში ოცდათორმეტი ეპისკოპოსი შეიკრიბა პაპის ლეგატის, ლიონის არქიეპისკოპოსის, ჰუგო დე დის გარშემო, რათა ფილიპი დაედანაშაულებინათ. იმავდროულად სასულიეროებმა გააუქმეს იმ კრების გადაწყვეტილებები, რომლის თავჯდომარეც რეიმსში თავად მეფე იყო. კონფლიქტი წარმოიშვა. საფრანგეთის სამეფოს ორ ნაწილს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დაპირისპირება გამოიკვეთა: ჩრდილოეთს, რომელიც მეფეს უპყრია ხელთ და სამხრეთს, რომელიც მას ხელიდან უსხლტება. განსაკუთრებით მზარდი წინააღმდეგობაა ეკლესიის ორ მსოფლმხედველობას შორის. პირველი, ტრადიციული, კაროლინგური იყო, რომელიც ყველა ეროვნების სასულიერო პირს ღვთითკურთხეული მეფის, მათივე თანამოძმისა და მცველის გარშემო აერთიანებდა. მეორე - სიმშვიდის დამრღვევი, რეფორმატორთა მსოფლმხედველობა გახლდათ პაპ ურბან II-ის კონცეფცია, რომელიც ამქვეყნიურ წარმავალობაზე სულიერების უზენაესობას აცხადებდა და აქედან გამომდინარე, მონარქებს ეპისკოპოსებს უქვემდებარებდა, ხოლო ამ უკანასკნელებს კი - რომის ეპისკოპოსის ავტორიტეტს. ამ ახალი სტრუქტურების მისაღებად საჭირო იყო მეფეთა დამორჩილება და იმისათვის, რომ საფრანგეთის მეფე დაემორჩილებინათ, რეფორმატორებმა იგი ეკლესიიდან განკვეთით პიროვნულად შეურაცხყვეს ჯერ ოტენში, შემდეგ კი კლერმონში.
კლერმონის საეკლესიო კრების აქტები დაიკარგა. ჩვენ მათზე ცნობები იმ ეპოქის ისტორიკოსთაგან, იმ ადამიანთაგან შემოგვრჩა, რომელნიც მონასტერში მყოფნი წლიდან წლამდე აღწერდნენ იმ მოვლენებს, რომლებიც მათ მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. თითქმის ყველამ გვიამბო ამ საზეიმო კრებაზე. მაგრამ თითქმის ყველა, თავის მხრივ, მხოლოდ წმინდა მიწისათვის ლაშქრობაზე მოგვითხრობს. სწორედ ეს იყო მათთვის მომხიბვლელი. გარდა ამისა, ზოგიერთმა მათგანმა მაინც გვიამბო, რომ საფრანგეთის მეფე დაისაჯა და თუ რატომ დაისაჯა იგი. მათ მიაჩნიათ, რომ ფილიპი I არ დასჯილა, როგორც ანრი IV, რომელიც ასევე ეკლესიიდან იყო